ა    გ            ი     მ  ნ      ჟ    ს  ტ  უ  ფ            ც    წ       

 
  მთავარი
  პროექტის შესახებ
  კონტაქტი

 

 

ზაზა ფაჩულია ატლანტაში დარჩა
 

"ლელო "
15 ივლისი ოთხშაბათი 2009
 

ამერიკის დროით ორშაბათ საღამოს (13 ივლისს) ატლანტა ჰოქსის ოფისში ზაზა ფაჩულიამ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით ქართველი ცენტრი ატლანტაში ოთხ სეზონს გაატარებს და ანაზღაურებას ჯამში 19- მილიონ დოლარს მიიღებს.

ზაზა ფაჩულიასთან ერთად, გუნდში დარჩენაზე ხელი უკანახაზელმა მაიკ ბიბიმაც მოაწერა. ამის შემდეგ მოეწყო პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრნენ ჰოქსის გენერალური მენეჯერი რიკ სანდი, მთავარი მწვრთნელი მაიკ ვუდსონი, მაიკ ბიბი და ზაზა ფაჩულია.

ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებს ჩვენზე უკეთ ატლანტა კონსტიტუშენის კორესპონდენტი სეკუ სმიტი მოგვიყვება, რომელიც პრესკონფერენციას ესწრებოდა.

შეხვედრაზე პირველი მაიკ ბიბი გამოცხადდა. მას მოჰყვა ზაზა ფაჩულია. კარის გაღებისთანავე ორივე კალათბურთელს სახეზე ღიმილი აღებეჭდა. მათთან ერთად გამოჩნდა მთავარი მწვრთნელი მაიკ ვუდსონი, რომელიც აშკარად კმაყოფილი იყო. მან ხომ ზუსტად ორი კვირის წინათ, თავისუფალ აგენტთა ბაზრის გახსნისას თქვა მაიკ ბიბისა და ზაზა ფაჩულიას შენარჩუნება ჩვენი მთავარი მიზანიაო.

- შესანიშნავია. ზაზასა და მაიკს კონტრაქტზე მაისის შემდეგ ველაპარაკებოდით. გვსურდა მათი შენარჩუნება, რადგან გასულმა სეზონმაც გვიჩვენა, რაოდენ საჭირო კალათბურთელები არიან. ძირითადი ბირთვის �ატლანტაში� დარჩენა მომავალი წარმატების საწინდარი უნდა იყოს, � განაცხადა გუნდის თავკაცმა მაიკ ვუდსონმა და დასძინა:

- აღმოსავლეთის კონფერენციაში გუნდები სერიოზულად ძლიერდებიან. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აღმოსავლეთში ვარსკვლავების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ახლახან �კლივლენდში� შაკილ ონილი გადავიდა... გვსურს ჩვენც სწორი გზით ვიაროთ და არავის არაფერში ჩამოვრჩეთ. ფაჩულიასა და ბიბის დამატება, ამ მიმართულებით გადადგმული ერთი ნაბიჯია.

პრესკონფერენციაზე უფრო ხმამაღლა ისაუბრა �ატლანტას� გენერალურმა მენეჯერმა რიკ სანდმა:

- ეს არ არის პრესკონფერენცია, რომლის დროსაც საზოგადოებას ახალ კალათბურთელებს აცნობენ. დღევანდელ შეხვედრას ასეთი სახელი მოუხდება � �კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება.�

ზაზასა და ბიბის არაერთი კლუბიდან ჰქონდათ შეთავაზება. მათ შესაძლებლობა მიეცათ აერჩიათ გუნდი სამწვრთნელო შტაბის, კონტრაქტის ხანგრძლივობის, ხელფასის რაოდენობის მიხედვით, მაგრამ მათ ჩვენთან დარჩენა სურდათ. ამიტომაც გავაფორმეთ ახალი ხელშეკრულებები. ამ მოთამაშეებს აქვთ შესაძლებლობა, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. �ატლანტა� რაღაცა განსაკუთრებულისთვის ემზადება, ბიბი და ზაზა თანამონაწილენი უნდა გახდნენ.

ზოგადი სიტყვის შემდეგ გენერალურმა მენეჯერმა კალათბურთელები მოკლედ დაახასიათა:

- მაიკ ბიბის დაბრუნებამ ძალიან გამახარა. იგი გამოცდილია, სტაბილური და მისი ლიდერული თვისებები გუნდს აუცილებლად დასჭირდება. ზაზა წინა ხაზის ღირებული ფიგურაა. იგი შესანიშნავი მომხსნელია და შეტევაშიც ეფექტურია. ფაჩულიას მონდომებამ და ბრძოლისუნარიანობამ თანაგუნდელების გაერთიანებაზეც დადებითად იმოქმედა და გულშემატკივრებისაზეც. იგი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც ატლანტელია, �ჰოქსის� კოლექტივის მნიშვნელოვანი წევრია.

მაიკ ბიბი ჯორჯიელებმა �საკრამენტოდან� შარშანწინ გადაიყვანეს და წელიწად-ნახევარში იგი გუნდის ლიდერად იქცა. ბიბიმ შარშან სასტარტო შემადგენლობაში 79 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 14.9 ქულას, 5 პასს, 3.5 მოხსნას და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა. სამქულიანების სროლის სიზუსტით იგი NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

- გუნდში დაბრუნება ძალიან მინდოდა. ამის სურვილი ჰქონდა თავად �ატლანტას� ხელმძღვანელობასაც და ამიტომაც ვარ დღეს აქ. წარმატებისთვის აუცილებელია სტაბილურობა. სტაბილურობისთვის კი შემადგენლობის შენარჩუნებაა საჭირო, � ასეთი კომენტარი გააკეთა პრესკონფერენციაზე მაიკ ბიბიმ.

ზაზა ფაჩულია �ჰოქსში� 2005 წელს ჩაირიცხა. მაშინ მან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. როგორც ხედავთ, ახალი კონტრაქტიც ოთხწლიანია. ქართველი 2008-09 წლების სეზონში საშუალოდ 6.2 ქულას, 5.7 მოხსნას აგროვებდა. ზაზამ 77 მატჩიდან 26-ში სასტარტო ხუთეულში ითამაშა.

- �ატლანტადან� სხვაგან გადასვლა ჩემთვის რთული იქნებოდა, რადგან აქაურობას ძალიან შევეჩვიე. აქ იმიტომ დავრჩი, რომ პერსპექტივას ვხედავ. გუნდს აქვს პოტენციალი, პლეი ოფის მეორე რაუნდს არ დასჯერდეს და უფრო მაღალი მიზნებისთვუის იბრძოლოს, � თქვა ზაზამ.

�ატლანტას� გენერალურმა მენეჯერმა, რიკ სანდმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მხოლოდ ბიბისა და ფაჩულიასთან კონტრაქტის გაფორმებით არ შემოიფარგლება. ამიერიდან მისი მთავარი მიზანი მერვინ უილიამსისა და ჯოშ ჩილდრესის გუნდში დაბრუნებაა. ჯოში გასულ სეზონში ბერძნულ �ოლიმპიაკოსში� თამაშობდა, მერვინი კი �ატლანტას� სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო.�

�ატლანტა კონსტიტუშენმა� საინტერესო ინფორმაცია მოგვცა, თუმცა ზაზა ფაჩულიას საკონტრაქტო ამბები ბოლომდე ამომწურავი რომ იყოს, მისი ინტერვიუ მოვისმინოთ. მანამდე �ჰოქსის� ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მცირე სტატიას გავეცნოთ, სადაც ჟურნალისტი ზაზას პორტრეტს გვიხატავს, ხოლო გულშემატკივრები ქართველი ცენტრის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებენ:

�ზაზა ფაჩულია ტანმაღალი კალათბურთელების იმ კატეგორიას არ განეკუთვნება, რომლებიც ხეებზე იზრდებიან და ბევრი არაფერი შეუძლიათ. მას ბევრი რამ ეხერხება და ამიტომაც ფასობდა თავისუფალ აგენტთა ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ �ჰოქსმა� დაიბრუნა კალათბურთელი, რომელიც უბრალოდ ცენტრი კი არ არის, არამედ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევითი მომხსნელია. პლეი ოფებისას წინა ხაზში არაერთი ტრავმირებული იყო, თუმცა ზაზა ფაჩულია საქმეს კარგად გაუძღვა და სწორედ მაშინ გვიჩვენა რაოდენ ღირებული კალათბურთელია. მისი დაკარგვა დიდი შეცდომა იქნებოდა.

საბედნიეროდ, ზაზა გუნდში დარჩა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი �ატლანტას� ფანების ფავორიტია.

ფაჩულიასა და ბიბის დაბრუნება მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ შენარჩუნდება გუნდის ერთიანობა. შეიძლება �ჰოქსის� ხელმძღვანელობას ბაზარზე კარგი კალათბურთელი მოეძებნა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლებს აკლიმატიზაცია სჭირდებათ. არის იმის რისკიც, რომ გუნდს სათანადოდ ვერ მოერგონ. ზაზა და ბიბი კი გუნდის სტაჟიანი წევრები არიან, არც აკლიმატიზაციის პრობლემა ექნებათ და არც შეთამაშების. ეს წარმატების საწინდარი უნდა იყოს.�

ზაზა ფაჩულიას დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას გულშემატკივრების კომენტარებიც ახლდა:

...ზაზას დაბრუნება სასიხარულო ამბავია. გაისად მისგან კიდევ უფრო მეტს ველით.

...ფაჩულია არა მხოლოდ ღირებული სათადარიგოა, არამედ სასტარტო შემადგენლობის წევრიც.

...ზაზასა და ბიბის დამატება კარგია, მაგრამ გუნდს მერვინ უილიამსიც სჭირდება. ხომ ხედავთ, აღმოსავლეთის კონფერენციების გუნდები წინა ხაზში როგორ გაძლიერდნენ.

ბოლოს, დაპირებისამებრ გთავაზობთ ინტერვიუს ზაზა ფაჩულიასთან, რომელშიც იგი �ატლანტაში� დარჩენის ავ-კარგიანობაზე საუბრობს.

- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შინ დავბრუნდი. ატლანტას ძალიან შევეჩვიე. ეს ქალაქი ჩემი სახლია...

- იყო არაერთი კარგი კლუბის ვარიანტი. �ატლანტაში� რატომ დაბრუნდი?

- სიმართლე რომ ვთქვა, �ჰოქსის დატოვება ნამდვილად არ მსურდა. იმიტომ, რომ აქ თავს კარგად ვგრძნობდი. შესანიშნავი ორგანიზაციაა, კარგი მწვრთნელით, კალათბურთელებით, ფანებით, რომლებმაც ჩემდამი დიდი სიყვარული გამოამჟღავნეს... სხვაგან რომ წავსულიყავი, ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო, არ ვიცოდი როგორ აეწყობოდა უფროსობასთან, კალათბურთელებთან, გულშემატკივრებთან ურთიერთობა...

- ოთხწლიანი კონტრაქტიც მისაღები უნდა იყოს.

- �ატლანტაში� ზუსტად ოთხი წლის წინათ ჩავირიცხე და გუნდთან ერთად ბევრი რამ გამოვიარე. პირველ სეზონში მხოლოდ 13 მატჩის მოგება მოვახერხეთ. შემდეგ მაჩვენებელი ცოტა გავაუმჯობესეთ, მესამე სეზონში პლეი ოფში გავედით და მომავალ ჩემპიონთან პირველ რაუნდში დავმარცხდით. მეოთხე სეზონში პლეი ოფის მეორე ეტაპზე გავაღწიეთ... თვალსაჩინოა გუნდის წინსვლა. მჯერა, რომ პროგრესი კიდევ გაგრძელდება და ამიტომაც დავრჩი �ატლანტაში�.

- მაქსიმუმ რის მიღწევა შეუძლია �ჰოქსს�?

- კონკრეტულად ძნელი სათქმელია, მაგრამ ოთხწლიანი კონტრაქტი იმიტომ გავაფორმე, რომ ბოლო სეზონში მაქსიმუმს მივაღწიო. ლოგიკას თუ მივყვებით, გაისად პლეი ოფის მესამე რაუნდში უნდა გავიდეთ, შემდეგ ფინალებზე ვიფიქროთ. იმედი მაქვს, ფინალებამდეც მივალთ და ვეცდები გუნდს მაქსიმალური შედეგის მიღწევაში დავეხმარო.

- ორი სიტყვით მაიკ ბიბის გუნდში დაბრუნებაც შევაფასოთ.

- თუ გახსოვთ, შარშანწინ, ბიბის გადმოსვლის შემდეგ �ჰოქსმა� თამაში ერთი-ორად გააუმჯობესა. იგი გუნდის წინსვლის ერთ-ერთი წინა პირობაა. გამოცდილია და მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

 

 
  ბიზნესი
  საზოგადოება
  განათლება
  სპორტი
  ხელოვნება
  მედია
 
 
  ამერიკა
  დიდი ბრიტანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  უკრაინა
  რუსეთი
  თურქეთი